რაფაელი ჩვენი მეღვინეების გუნდს 2005 წელს შემოუერთდა, თავისი ცოდნით და საფრანგეთში, ესპანეთსა და ავსტრალიაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებით. ადგილობრივ ჯიშებთან და ღვინოებთან ადაპტაციის პერიოდი სწრაფად გაიარა და ახლა უკვე ავტორია რამდენიმე ინოვაციისა, თვით ტრადიციული ქვევრის ღვინოების დამზადებაშიც კი.
“თელავის ღვინის მარანში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ღვინის წარმოებას ყველა ფაზაში, დაწყებული ვენახიდან, ღვინის ჩამოსხმით დამთავრებული. აქ ნიადაგისა და ვენახების მართვა მუდმივ განვითარებას ექვემდებარება და შედეგად, უკვე 30ჰა ვენახი ორგანული სერთიფიკაციის კანდიდატია. კომპანიაში ყოველ წელს სხვადასვა ექსპერიმენტულ პრაქტიკას მივმართავთ: ვატარებთ ცდებს დუღილის ტემპერატურის და მაცერაციის ხანგრძლივობის ცვალებადობაზე, თუმცა ჩვენს საუკეთესო ღვინოებს მაინც მიწაში ჩაფლულ ძველ თიხის ქვევრებში ვაყენებთ.“
ბექა სოზაშვილმა კომპანიაში მუშაობა სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო. მან პრაქტიკულად მარნის ყველა საფეხურზე გამოსცადა თავი, დაწყებული მარანის დამხმარე-ასისტენტობიდან, მთავარ მეღვინემდე. ბექას დამთავრებული აქვს სახელმწიფო სასოფლო უნივერსიტეტი და ფლობს მაგისტრის ხარისხს მეღვინეობაში.
„კახეთში დაბადება თავისთავად გულისხმობს ღვინის და ყველაფერი იმის სიყვარულს, რაც მასთან არის დაკავშირებული, არც მე ვარ გამონაკლისი. თელავის ღვინის მარანში თანდათანობით იხვეწება ღვინის დამზადების და ვაზის მოვლის ხელოვნება. ამ ორი მიმართულების ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთ-თანამშრომლობის შედეგად, მე ვხედავ საკუთარ წვლილსაც კომპანიის სამომავლო წარმატებებში.“
თელავის ღვინის მარანში მუშაობა დიმიტრიმ 1999 წელს მარნის დამხმარედ დაიწყო, თუმცა უმოკლეს დროში გამოიჩინა თავი როგორც თავისი საქმის პროფესიონალმა.
„მე მეამაყება, რომ ვმუშაობ კომპანიაში, სადაც მეღვინეები და მევენახეები გვერდიგვერდ შრომობენ ღვინის ხარისხის შენარჩუნების მიზნით. ყოველ წელს რთველზე განსხვავებული გამოწვევების წინაშე ვდგებით და მათთან გუნდური შეჭიდება უდიდესი სიამოვნებაა ჩემთვის, მით უმეტეს, როცა ჩვენი ძალისხმევის შედეგი საუკეთესო ღვინოა.“
თამარი ჩვენს მეღვინეთა გუნდში უნივერსიტეტის დასრულებისთანავე მოვიწვიეთ. მისი ოჯახი საუკუნეზე მეტია მეღვინეობას მისდევს შინა მეურნეობაში და მასაც მეღვინეობისა და ვენახებისადმი სიყვარული მემკვიდრეობით აქვს მიღებული.
"ღვინო ტრადიციული სასმელია ყველა ქართველისთვის საქართველოში. ეს ტრადიცია უხსოვარი დროიდან ქართველებს მემკვიდრეობით გადმოგვეცემა. ჩემი ოჯახისთვის ღვინოზე მუშაობა ცხოვრების სტილია. ახლა, როდესაც თელავის ღვინის მარნის მეღვინეთა გუნდში ვირიცხები, თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ ჩემს მემკვიდრეულ ცოდნაზე დაყრდნობით მონაწილეობას ვიღებ საუკეთესო ღვინოების შექმნაში."
მარიამი თელავის ღვინის მარანს უნივერსიტეტის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ შემოუერთდა. მეღვინეობა მისი პირველადი სპეციალობა არ არის. მას მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ქიმიაში საკვები პროდუქტების განხრით. მისმა სწრაფვამ სამუშაო გამოცდილების შეძენისა და თვალსაწიერის გაფართოებისაკენ განაპირობა ის, რომ მარიამი ჩვენს კომპანიაში მოხვდა, როგორც ქიმიკოსი.
„თელავის ღვინის მარანში მუშაობისას, მე დავრწმუნდი, თუ რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კარგი ღვინის შექმნისთვის სხვადასხვა განათლების მქონე ადამიანების თანამიმდევრულ ძალისხმევას. პირადად მე, ღვინოში ყველაზე მეტად მიზიდავს არომატების უსასრულო სპექტრი, რომლებიც თავდაპირველად ყურძნიდან, მოგვიანებით კი – ღვინიდან მოდის“.