ჩვენი კონდოლის ვენახი უკვე რამდენიმე საუკუნეს ითვლის. იგი პირველად მოხსენიებულია ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, ვახუშტი ბატონიშვილის 1745 წლის წიგნში “აღწერა სამეფოსი საქართველოსი” და მას შემდეგ, თითქმის უკვე სამი საუკუნეა, რაც საუკეთესო ხარისხის კახური ღვინის ეტალონს წარმოადგენს.
ჩვენი სიდიდით მეორე, კუდიგორას ვენახი გაშენებულია 30.5 ჰექტარზე ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ქინძმარაულის ცნობილ ადგილწარმოშობის ზონაში და მხოლოდ საფერავის ჯიშს ეთმობა. ყველაზე ახალი, განსაკუთრებული დიდყურეს ვენახი კი 2020 წელს გაშენდა უნიკალური მეთოდით და კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს. იგი 23 ჰექტარზეა გადაჭიმული და ადგილობრივი ჯიშების გარდა, ასევე მოიცავს საერთაშორისო დასახელებებს.
ჩვენი ვაზის გაშენების წესი და გასხვლის სისტემა ტრადიციულია კახეთისთვის: ორმხივი გუიო ან ორმხრივი კორდონი. ვაზის სიხშირე ჰექტარზე 3400-დან 5000 ძირამდე მერყეობს, წლის მოსავალი ჰექტარზე კი არ აღემატება 9 ტონას სტანდარტული ღვინოების სერიისთვის. რაც შეეხება პრემიუმ რიგებისთვის განკუთვნილ ნაკვეთებს, აქ ყოველწლიურად ვატარებთ მწვანე რთველს, რათა მოსავალი ჰექტარზე შევამციროთ 4-5 ტონამდე და ამით ხელი შევუწყოთ ვაზზე დარჩენილი მტევნების ხარისხის გაზრდას, რაც საბოლოოდ ჩვენი ღვინის უმაღლეს ხარისხზე აისახება.
კონდოლის ვენახებს 300 ჰექტარი ფართობი უკავია წინანდლის მიკროზონაში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 350-450 მეტრზე. ვენახების 70% წითელი ყურძნითაა გაშენებული, 30% კი თეთრით, ჯიშები კი ძირითადად ადგილობრივი, როგორიცაა საფერავი, რქაწითელი, ალექსანდროული, მწვანე და ქისი. ფართობის მცირე ნაწილი ეთმობა საერთაშორისო ჯიშებსაც: კაბერნე სოვინიონი, მერლო, მალბეკი, შარდონე და რისლინგი.
ნიადაგი აქ ხირხატიანია, ალუვიური–აყალო, განფენილი კირქვის საშუალო სიღრმის შრეზე. მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე, კავკასიონის ქედსა და მარჯვნიდან ცივ-გომბორის მთის კალთებს შორის მოქცეული აქაური ჰავა გარდამავალია ნოტიო სუბტროპიკულიდან კონტინენტურისკენ. კავკასიონის მყინვარიდან მონაბერი გრილი სიო იწვევს დღე-ღამური ტემპერატურების ცვალებადობას ფართო დიაპაზონში, რაც, თავის მხრივ, იდეალურ მიკროკლიმატს ქმნის ყურძნის საუკეთესოდ მომწიფებისთვის.