Marani Logo

ღვინის ლექსიკონი

შაკოლი (Chacoli)

მოუმწიფებელი ყურძნისაგან დამზადებული მსუბუქი მჟავიანი ღვინო ბასკეთიდან. აქვს 9% ალკოჰოლური შემცველობით.

შამპანი (Champagne)

პარიზიდან 75 მილით დაშორებული რეგიონი, სადაც 300-ზე მეტი სოფელია. აქ აწარმოებენ მსოფლიოში ყველზე ცნობილ შუშხუნა ღვინოებს. მხოლოდ აქ წარმოებული ღვინოები შეიძლება სამართლიანად იწოდებოდეს შამპანურად. კლიმატური პირობების – რბილი ზამთრისა და ცარციანი ნიადაგის წყალობით შამპანში გაზრდილი პინო ნუარი და შარდონე შესანიშნავ ღვინოებს იძლევა.

შამპანური

ჰერმეტულ ჭურჭელში, წნევის ქვეშ, შაქრის მეორადი დუღილის შედეგად მიღებული ნახშიროჟანგით გამდიდრებული ღვინო.

შაპტალიზაცია

ეს ოპერაცია ნიშნავს ტკბილში შაქრის მომატებას ალკოჰოლის გაზრდის მიზნით. ეს საკმაოდ ძველი მეთოდია. XVII ს-ში ამ მიზნით ტკბილს უკვე უმატებენ თაფლს. შაპტალიზაციით შესაძლებელია გამოკეთდეს ცუდი წლების ღვინო. შაპტალიზაციის სიჭარბე ღვინოს მატებს ზომაზე მეტ ალკოჰოლს და ღვინოს არაბალანსირებულს ხდის.

შარდონე

მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული თეთრი ყურძნის ჯიში, რომლისგანაც სხვადასხვაგვარი ღვინო მზადდება. ვაზი ძლიერია და გამძლე. ისრდება შამპანის რეგიონში, ელზასში, შვეიცარიაში გერმანიაში, საქართველოში, არგენტინაში და სხვა.

შარმას მეთოდი (Charmat method)

ფრანგი მეღვინის, ევგენი შარმას მიერ 1907 წელს შემუშავებული მეთოდი, რომლის თანახმადაც შუშხუნა ღვინოები ყენდება ცისტერნებში, და არა ბოთლებში. ხშირად გამოიყენება იაფასიანი შუშხუნა ღვინოების მასიური წარმოებისათვის.

შატო (Chateau)

ფრანგულად ნიშნავს ციხე-კოშკს. გავრცელებულია ბორდოში. შატოების ირგვლივ თავმოყრილია მრავალი ფრანგი მემამულის ვენახი. აქ მოსული ყურძნისაგან წარმოებული ღვინოები გამოირჩევა მაღალი ხარისხით.

შეზავება (Marrying)

ორი, ან მეტი ღვინის შეზავება კასრში, რათა ღვინოს სასურველი თვისებები შევძინოთ.

შემაგრებული (Fortified)

ღვინო, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა გაზრდილია ბრენდის დამატების შედეგად.

შენახვა

ღვინის შენახვის ხანგრძლივობა საკმაოდ სხვადასხვაგვარია. ის დამოკიდებულია შენახვის პირობებზე, უფრო მეტად კი ღვინის ტიპზე.

შენინ ბლანი (Chenin Blanc)

ძალიან მრავალფეროვანი თეთრი საღვინე ყურძენი, რომელიც მსოფლიოს ბევრ რეგიონშია გავრცელებული. საფრანგეთის ლუარას ყველაზე ცნობილი ღვინოები ამ ყურძნიდანაა დამზადებული. ყურძენი გამოირჩევა მაღალი მჟავიანობით; მისგან შეიძლება დაყენდეს მშრალი ან ზომიერად ტკბილი ღვინო. საუკეთესო ფრანგული შენინ ბლანი დაძველების კარგი პოტენციალით გამოირჩევა.

შერევა/დაყენება (Blending)

წარმოადგენს მეღვინის უპირველეს ამოცანას, რამდენადაც სწორედ სხვადასხვა პარტიის, ან სხვადასხვა კასრში დაყენებული ღვინოების შერევის შედეგად მზადდება საბოლოო პროდუქტი ბოთლებში ჩამოსასხმელად. რეგიონული ტრადიციები და წესები გვკარნახობენ, თუ ყურძნის რომელი სახეობების შერევაა დასაშვები ამა თუ იმ ღვინის დასამზადებლად. მეღვინემ უნდა განსაზღვროს ყურძნის სახეობების პროცენტული თანაფარდობა საბოლოო პროდუქტის მისაღებად. ამ გადაწყვეტილების მიღებაში უმნიშვნელოვან როლს თამაშობს ამა თუ იმ წელს მიღებული მოსავლის სპეციფიური მახასიათებლები. შერევის კლასიკური მაგალითი მოდის ბორდოდან, სადაც ღვინო ყურძნის შემდეგი ჯიშების ნარევისაგან მზადდება: კაბერნე სავინიონი, მერლო, მალბეკი, პეტი ვერდო და კაბერნე ფრანი.

შერი (Sherry)

გამაგრებული ღვინო სამხრეთ ესპანეთისა ოლქიდან.

შეტევა (Attack)

პირველი შეგრძნება, რომელსაც ღვინო ახდენს სასაზე. 

შეფერილი (Stained)

თეთრი ღვინო, რომელსაც აქვს მსუბუქად ვარდისფერი შეფერილობა დაჰკრავს, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩასხმული იყო ჭურჭელში, რომელიც მანმადე  წითელი ღვინისათვის გამოიყენებოდა.

შუშხუნა ღვინო (Sparkling wine)

ღვინო, რომელიც ნახშიროჟანგის გაზის ბუშტულებს შეიცავს. ეს გაზი დადუღების თანა პროდუქტს წარმოადგენს.